თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი უახლოეს გარემოცვასთან ერთად რამდენიმე დღით კუნძულ მალტაზე გაემგზავრა. ანდრიაშვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, აღნიშნული ოპოზიციამ გაასაჯაროვა.
მერის მოადგილე ამტკიცებს, რომ ანდრიაშვილი მალტაზე, მიწვევის საფუძველზე, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
"მალტაში იმყოფება, კი ბატონო, იმყოფება სამი დღით. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა მოახერხა მალტასთან დამეგობრება, ახალდამეგობრებული ქალაქია და მიიწვიეს. სამსახურებრივ მივლინებაშია წასული და არა შვებულებით და დასასვენებლად. რა მერე [რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება მალტაში წასვლა]. შესაბამის თანამშრომლებთან ერთადაა წასული", - ამბობს მერის მოადგილე.
ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა თელავში არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემაა, მოსახლეობას უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება და სოციალურ-ეკონომიკურ გამოებრება ყოველდღიურად სულ უფრო მეტად უარესდება, დაუშვებელია ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის ფულს პირადი მიზნებისთვის ხარჯავდეს.
თელავის მერი საქართველოში სავარაუდოდ, ხვალ დაბრუნდება. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან ვიზიტისას.
ავტორი: ია გულიაშვილი