სექსუალური შევიწროების საქმეზე ანანია გაჩეჩილაძე დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. საუბარია 25 მარტს ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერზე, რომელშიც ისმის, როგორ ავიწროებს სექსუალურად Post TV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს.
გაჩეჩილაძის თქმით, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.
"დღეს შედგება გამოკითხვა. გამოძიება ჯერჯერობით დაწყებული არ არის. სამწუხაროდ, მაქვს წინასწარი უნდობლობა, რადგან კიდევ ერთი მსხვერპლი, მაკო ჯაბუა გამოკითხული იყო არაემპათიურად, არა თანადგომის განცდით, არა იმ სტანდარტის დაცვით, რაც დაცული უნდა იყოს პოტენციურ მსხვერპლთან ურთიერთობისას და არა იმ სტანდარტით, რაც ეკადრება ევროკავშირის წევრობის ამბიციის მქონე ქვეყანას. საინტერესოა, გაიმეორებს თუ არა შსს იმ ნარატივს, რომელსაც ავრცელებენ კობახიძე, მდინარაძე და სახელისუფლებო გუნდი", - თქვა ანანია გაჩეჩილაძემ.
ადვოკატის თქმით, გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანია, დაიკითხოს შალვა რამიშვილიც.
გარდა ამისა, ანანია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ მას სავარაუდოდ, უკანონოდ უთვალთვალებენ. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გამოძიება ამ კუთხითაც უნდა დაინტერესდეს.
"თქვენ იცით, რომ თვალთვალი ან პროკურორის განჩინებით ან დადგენილების გზით გამოძიების ფარგლებში ხდება და თუ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია იქნება, რომელიც დადგენილება არა არის და განჩინება, ეს დანაშაულია", - თქვა ადვოკატმა.
გავრცელებული აუდიოჩანაწერი 2018 წლით თარიღდება და ის POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს. ჩანაწერი 2 საათს გრძელდება - სექსუალური ხასიათის ვერბალური ძალადობის შემდეგ, ისმის როგორ უახლოვდება შალვა რამიშვილი გოგონას, გვერდით უჯდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს.
ანანია გაჩეჩილაძე ამ საუბრის დროს 22 წლისაა, შალვა რამიშვილი კი 47 წლის.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი