აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალი კვლავ პარალიზებულია. ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო კვანძის 100-კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის. მოძრაობის აღდგენა უახლოეს დღეებშიც ნაკლებად სავარაუდოა, რაც კიდევ უფრო დატვირთავს ალტერნატიულ მარშრუტს, რომელიც გრძელი, სახიფათო და დიდი ნაკადის გამო დაუსრულებელ საცობად არის ქცეული.
რიკოთის უღელტეხილზე არსებული ისედაც რთული ვითარება ქვათაცვენამ და მეწყერმა კიდევ უფრო დაამძიმა. მიწის მასა დღეს ათეულობით თვითმხილველის თვალწინ ჩამოიშალა. ეს არის სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონა და სპეციალისტები აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის დაწყებისას ხელისუფლებას კარგად უნდა შეეფასებინა რისკები მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად. დამატებითი კვლევების გარეშე კი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა და საფრთხეებს ვერ გაანეიტრალებს.
ავტორები: ირაკლი ვაჩიბერაძე, საბა ბუაძე