ძალადობის ფაქტი ქუთაისის მე-3 სკოლაში - არსებული ინფორმაციით, თანაკლასელებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა ბავშვმა დასახმარებლად მშობელს დაურეკა.
მოსწავლის მამამ დირექცია უყურადღებობაში დაადანაშაულა. მან კლასის დამრიგებელსა და სკოლის დირექტორს მომხდარზე პასუხი მოსთხოვა, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილი შენობაში მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე არ საუბრობენ და მიზეზად ვნების კვირას ასახელებენ.
"ყველანი ჩაყენებულია საქმის კურსში, მაგრამ ერთი რამ მინდა, გითხრათ, ეს კვირა ისეთი დღეებია, გთხოვთ, რომ კომენტარის გარეშე. ბავშვს ეხება და ერთი რამ იცოდეთ, რომ მე-3 სკოლაში არცერთი ბავშვი ყურადღების გარეშე არ არის. არავის ბავშვი არსად არ გადაუყვანია. არავითარ შემთხვევაში [ბულინგის ადგილი არ ჰქონია],- ამბობს მარინა ლომთაძე, ქუთაისის მე-3 სკოლის სასწავლო ნაწილი.
ვნების კვირის მიზეზით საკითხზე არ საუბრობს არც ქუთაისის მე-3 სკოლის დირექტორი, თამაზ ჭაბუკიანი.
"რომელი ჟურნალისტებიც არ იქნება ყველას გავცემ მე პასუხს, დღეს ვიკავებ თავს. აღდგომების შემდეგ [ვისაუბრებ]. დღეს ვნების კვირაა, ეს სხვა კვირა არის, ხომ შეიძლება, რომ ეს კითხვები გადავდოთ რამდენიმე დღით. მე კანონი მავალდებულებს, რომ თუ რაიმე ინციდენტი ხდება სკოლაში, პატრულიც გამოვიძახო. დაასრულებს პოლიცია გამოძიებას",- ამბობს ის.
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა.
"რამდენიმე დღის წინ ორ მეოთხე კლასელს შორის მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბავშვებს გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ, დამრიგებლის მიერ იმ დროსვე იყო რეაგირება. სამწუხაროდ, მშობლის მიერ იყო უკურეაქცია, მან შეურაცხყოფა მიაყენა პედაგოგებს, კანადურის სამსახურს, შეიჭრა სივრცეში. ამის შემდეგ გამოძახებულ იქნა საპატრულო სამსახური",- ამბობს მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.