ქართველთა ისტორიული სათვისტომომ კულტურის სამინისტროს ლევილის მამულში მუზეუმის მოწყობის პროცესთან დაკავშირებით საპროტესტო წერილი გაუგზავნა. წერილი სათვისტომოს ხელმძღვანელმა, ოთარ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
როგორც ქართველთა ისტორიული სათვისტომოს წერილში ვკითხულობთ, ისინი პროტესტს გამოთქვამენ, რადგან მუზეუმის სივრცის კონცეფციის მონაწილეების დამტკიცების შესახებ ცნობა სოციალურ ქსელებიდან შეიტყვეს და ჯგუფის დამტკიცებამდე ქართველთა ისტორიულ სათვისტომოსთან სამინისტროს არანაირი კონსულტაცია არ გაუვლია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამავე მუზეუმში დირექტორის მოადგილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია კვლავ "ფეისბუკის" მეშვეობით შეიტყვეს.
"ქალბატონო მინისტრო,
მოგეხსენებათ, მე წარმოვადგენ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს, რომელიც დღესაც, დაარსებიდან 102 წლის შემდეგ სათუთად ინახავს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ხსოვნას. როგორც ჩვენი ასოციაციისათვის, ასევე მთელი ქართული საზოგადოსათვის ლევილის შატო, მისი წარსული და მომავალი, განსაკუთრებული ინტერესისა და ღელვის საგანია.
6 წელზე მეტია, რაც ჩვენი სათვისტომო ლევილის მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში შედის და მის სხდომებში იღებს მონაწილეობას.ამიტომ, განცვიფრებული ვართ, რომ სოციალური ქსელების საშუალებით შევიტყვეთ ცნობა, თქვენი სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანებულების ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გამოქვეყნების შესახებ, რომელიც ადასტურებდა მუზეუმის სივრცის კონცეპციის მონაწილეთა პასუხისმგებელი ჯგუფის შექმნას. ამ ინფორმაციას, რომელიც 3 აპრილს ფეისბუქის გვერდზე იქნა განთავსებული, მმართველ კომიტეტთან არავითარი კონსულტაცია არ უძღოდა წინ! შემდეგ კი, 6 აპრილს ეროვნული მუზეუმის ფეისბუქის ახალმა ბმულმა გვაცნობა ლევილის მუზეუმში დირექტორის მოადგილის დანიშვნის შესახებ," - ვკითხულობთ ქართველთა ისტორიული სათვისტომოს წერილში.
ორგანიზაციის წერილში 5 პუნქტი არის გამოყოფილი, რომელიც, მათ განსაკუთრებულ აღშფოთებასა და წუხილს იწვევს:
"1. სამეთვალყურეო ჯგუფის შექმნა, რომლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყოველგვარი ინფორმაციისა და მმართველ კომიტეტთან კონსულტაციის გარეშე.
2. ამ მომავალი სააზროვნო ჯგუფიდან საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ჩამოცილება. ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას და, მასთან ერთად, 70 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გამოჩენილი მოღვაწეების მთელ პლეადას ისტორიულ წონას უკარგავს.
3. თქვენს მიერ შექმნილი ახალი ჯგუფის ობიექტის შემოფარგვლა მუზეუმის სივრცის კონცეფციით, რომელიც, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად განსხვავდება 2016 წელს გამოქვეყნებული თავდაპირველი განკარგულებიდან.
4. ტიერი ბერიშვილის დანიშვნა, რომლის არჩევანი და დანიშვნის პროცედურები ძალიან სადავოა.
5. ამ უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გაუმჭვირვალობას ფინანსური გაუმჭვირვალობა უტოლდება, მიუხედავად იმისა, რომ მე არაერთხელ მოვითხოვე, გამოეგზავნათ განხორციელებული ოპერაციებისა და ვალდებულებების ფინანსური ხარჯთ აღრიცხვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სხდომაზე გაკეთებული ეს მოთხოვნა არცერთ ოქმში არ არის შეტანილი.შორს ვართ რა ქართული „ვილა მედიჩის“ ამბიციისგან, ოდა და სუვენირების გაყიდვა, გამოხატავს ჩვენი ქვეყნის რედუქციულ და პროვინციული ხედვას, რაც შორსაა ევროპისკენ მიმავალი თანამედროვე საქართველოს იმ იმიჯისგან, რომლის პოპულარიზაციაც ჩვენ გვინდოდა.
ამ სიტუაციის ნორმალიზების და ჩვენს კითხვებზე პასუხის მოლოდინში გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო მინისტრო, ჩემი ღრმა პატივისცემა," - წერია წერილში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ ლევილის მამულში ქართულ - ფრანგული ურთიერთობების მუზეუმის მოწყობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 30 მარტს გაავრცელა. მათ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საზოგადოების კრიტიკა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საფრანგეთში, საქართველოს საკუთრებაში მყოფი ლევილის მამული ნადგურდებოდა.