CPJ: საქართველოს პარლამენტმა უნდა გააუქმოს კრიტიკული მედიის 6 ჟურნალისტისთვის, აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტმა უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება კრიტიკული საინფორმაციო გამოშვებების ექვსი ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ და აკრედიტაციის რეგულაციების რეფორმირება - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (CPJ) განცხადებაში. 

სტატიაში ნახსენებია "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის,  3- 6 აპრილის პერიოდში, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ერთი თვით აკრედიტაციების შეჩერებაზე.

"3 აპრილიდან 6 აპრილამდე საქართველოს პარლამენტმა ერთი თვით შეაჩერა სამი რეპორტიორისა და სამი ოპერატორის აკრედიტაცია ოპოზიციური მაუწყებლებიდან -"ფორმულა", "მთავარი არხი" და "ტვ პირველი" - წერს CPJ.

CPJ-ის პროგრამის დირექტორი, კარლოს მარტინეს დე ლა სერნა  ამბობს: „თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად აპირებს პოლიტიკური და მედიის პოლარიზაციის შემცირებას, მათ უნდა იმუშაონ ყველა ჟურნალისტთან, რათა შეიმუშაონ მისაღები და მდგრადი მარეგულირებელი ჩარჩო“.

ორგანიზაციის თქმით, კრიტიკული მედიის სამმა ჟურნალისტმა CPJ-ს უთხრა, რომ მათი პარლამენტიდან დაბლოკვის ნამდვილი მიზეზი, დეპუტატებისთვის არასასურველი შეკითხვების დასმა გახდა. მათივე თქმით, ეს რეგულაცია კრიტიკული მედიის გაჩუმებისკენაა მიმართული.

ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ მათ საქართველოს პარლამენტს ელექტრონული წერილით მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის რეგულაციები ძალაში 1-ელი მარტიდან შევიდა და ისინი მედიის წარმომადგენლებს ავალდებულებს შეწყვიტონ ინტერვიუ პარლამენტის წევრებთან, თანამშრომლებთან ან სტუმრებთან, თუ ისინი უარს იტყვიან ინტერვიუს გაგრძელებაზე.

პირველი დარღვევის შემთხვევაში ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით უწყდება, განმეორებით შემთხვევაში კი ექვსი თვით - "მედიასაშუალებები შეზღუდულია აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობით და არ ეძლევათ უფლება შეცვალონ  ჟურნალისტები" - აღნიშნავს ორგანიზაცია.

შეგახსენებთ, 6 აპრილს პარლამენტმა  "მთავარი არხის" ჟურნალისტ თათია წოწონავას, ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, "ტვ პირველის ჟურნალისტ" რუსუდან დუმბაძეს, ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს  და "ფორმულას" ჟურნალისტ სოფიო გოზალიშვილს, ერთი თვით, აკრედიტაცია შეუჩერა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი