იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა. მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა.
ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის საფლავის ტაძარში, იერუსალიმში, დიდ შაბათს, მართლმადიდებლური აღდგომის წინა დღეს ხდება. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან, ელიან ცეცხლის გადმოსვლას და შემდეგ ათასობით მართლმადიდებელი ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.
ცნობისთვის, ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან სპეციალური დელეგაცია ჩადის, რომელშიც არიან საერო და სასულიერო პირები. აღდგომის ღამეს ღვთიურ ცეცხლს თბილისში მოაბრძანებენ და იგი სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში ვრცელდება.