საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ, თუმცა ადგილობრივებისთვის წინაპრების საფლავებზე მისვლა და მათთვის პატივის მიგება კვლავ მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.
ოკუპანტები ქრისტიანულ დღესასწაულებზე განსაკუთრებულ მობილიზებას აცხადებენ და ცდილობენ, არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით, ადგილობრივები დააკავონ.
სოფელ კირბალში სასაფლაო ორადაა გაყოფილი და მოსახლეობის ნაწილს წინაპართა გასვლის შესაძლებლობა არ აქვთ. ხოლო ისინი, ვინც საფლავებზე მაინც მიდიან, ოკუპანტების გამო განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ოკუპანტებმა წაართვეს სახნავ-სათესი მიწები, ასევე საძოვრები. ოკუპირებულია სალოცავები.
"ლომისა რომ არის სალოცავი, იქიდან წამომიყვანეს 4-5 წლის წინ. მე ვუთხარი ხომ არ ვიყავი გადმოსული-მეთქი და 100 მეტრზე შეგვიძლია, რომ დაგიჭიროთო. ბლომად ტერიტორიები დავკარგეთ,გრძელდება [ოკუპაცია]. საქონელი შიშით გვყავს გამოყვანილი, საძოვრები არ გვაქვს არაფერი და ამაზეც გვეშინია, რომ ადამიანი რომ ჩაფიქრდე, ან რამე წამოგეპარებიან. მაშინაც ასე ვიყავი ჩაფიქრებული და როგორ დამადგა 3 კაცი ვერ გავიგე",- ამბობს კირბალის მკვიდრი.
აღსანიშნავია, რომ სოფელ კირბალის მსგავსად მძიმე ვითარებაა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვა სოფლებში. მძიმეა ვითარება დევნილთა დასახლებებში, სადაც ადამიანებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავების საფლავებისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა არ აქვთ და წითელ კვერცხს მავთულხლართებთან ტოვებენ.