ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს პოლიტიკური კუთხით განხილვა არ შეიძლება.
"არ შეიძლება ამ ეპისტოლეს განხილვა პოლიტიკური კუთხით, თუმცა რა თქმა უნდა, აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა. ის რომ პატრიარქმა ახსენა უკრაინის მოვლენები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი და შეიძლება ითქვას, ერთადერთი სურვილი დღეისათვის არის, რომ დამთავრდეს ომი, დამთავრდეს მთელი მსოფლიოსათვის უმძიმესი ვითარება საომარი მოქმედებების",- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა "მთავართან" სატელეფონო საუბარში.
მეუფე ნიკოლოზმა აღდგომის დღესასწაული მიულოცა დაპატიმრებულ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და იმედი გამოთქვა, რომ მას შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა ექნება:
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობა გამოსწორდეს და აღდგეს. პირველ რიგში უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის აღდგენა და შემდეგ უნდა ვისაუბროთ დანარჩენ ყველაფერზე",- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, რომ ეპისტოლეში პატრიარქის მთავარი გზავნილი მშვიდობის დამყარებაა. ილია მეორე მრევლს მოუწოდებს, რომ "ცრუ თავისუფლებით" თავისუფლება არ უნდა დაკარგონ და ამ უმძიმეს პერიოდში ერთად იზრუნონ მშვიდობისთვის. ეპისტოლეში ნათქვამია, ასევე, რომ საზოგადოებაში დაპირისპირებას და პოლარიზებას აგრესიული რიტორიკა იწვევს. ილია მეორეს გზავნილში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, ასევე საუბარია დროებით ოკუპირებული აფხაზეთსა და ოსეთზე.