"პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლებათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ" | განათლების სამინისტრო

გამოქვეყნდა:

2023-2024 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან პირველ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდის და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად. 

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ოქტომბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით.

ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტის მიღებით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად," - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი