"12-ტონიანი მანქანით დაგვაქვს 50-60 ტონა" | რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ

გამოქვეყნდა:

რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასსა და არანორმირებულ სამუშაო საათებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ სამუშაოზე არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმებიც. ჩინური კომპანიის 14 მძღოლი უკვე მეორე დღეა გაფიცულია და პროტესტის შეწყვეტას მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.

ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა - ეს არის აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები. გარდა ამისა დასაქმებულები ამბობენ, რომ დღისა და ღამის განმავლობაში სამუშაოს ერთნაირად უნაზღაურებენ და ორივე მათგანს დღეში 33 ლარს უხდიან.  

"აუცილებლად 8-საათიანი სამუშაო პირობები გვინდა და 50 ლარი. 33 ლარი გვაქვს 9-საათიან სამუშაოზე ამ წუთში. ვითხოვთ 8-საათიან სამუშაოს. 12-ტონიანი მანქანით დაგვაქვს 50-60 ტონა. უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არის დაცული. ძალიან რთულ მონაკვეთზე ვმუშაობთ, არის მეწყრული ზონები, როცა დაგვიძახებენ უპრობლემოდ მოვდივართ რომ არ გაჩერდეს მგზავრობა და გზა არ დაიკეტოს. ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის, პრობლემას ქმნის თვითონ კომპანია, 33 ლარზე ამხელა მანქანაზე არავინ მუშაობს",- ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული. 

დასაქმებულები ამბობენ, რომ ზედამხედველებმა გაფიცვის შესახებ იციან და კომპანიის მენეჯმენტს უნდა შეატყობინონ. გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ სამუშაოს მხოლოდ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუბრუნდებიან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი