ჩვენი შვილები არცერთი არ გაცოცხლდება, მაგრამ იქნებ ეს გველეშაპი, ადამიანების მკვლელი, ახალგაზრდების და სამშობიარო სახლებში ბავშვების მკვლელის საკითხი დადგეს ისე, რომ გადაწყდეს ისე, როგორც ხალხს უნდა- ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისო საჩივარი დასაშვებად ცნო.
ოთხოზორიას დედა ამბობს, რომ მისი შვილ ის მკვლელი, 7 წლის შემდეგაც, დაუსჯელი დადის:
"ბევრი რამე გავაპროტესტე და პასუხად მივიღე ის, რომ 14 წელი მიესაჯა ჩემი შვილის მკვლელს. 7 წელი სრულდება სულ მალე და 7 წლის განმავლობაში მას არანაირი სასჯელი არ შეხებია, როგორც უნდა ისე გადაადგილდება და სადაც უნდა ისე გადაადგილდება" ამბობს ჯულიეტა ჭანტურია.
შეგახსენებთ, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დასაშვებად ცნო და წარმოებაში მიიღო. საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ზოლის გასწვრივ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელში ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ცხინვალში გაიტაცეს და წამებით მოკლეს, ასევე გიგა ოთხოზორია, რომელიც ენგურზე ე.წ. გამშვებ პუნქტზე დახვრიტეს, ასევე დავით ბაშარულის საქმე, რომელიც შიდა ქართლიდან მოიტაცეს ოკუპანტებმა და წამებით მოკლეს.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა
30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ ე.წ. მესაზღვრეებთან მოუვიდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა, თუმცა მას ე.წ მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის იყო რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც ოთხოზორიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა.
სროლის შემდეგ წაქცეულ ოთხოზორიას, კანჯი-ოღლიმ თავში, საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ოთხოზორია ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ფიქციური გამოძიება დაიწყო და დე-ფაქტო სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს კი "მტკიცებულებების არარსებობის მოტივით", ე.წ. პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
2017 წლის 7 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაშის კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად, 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მისი საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.