ბრძოლა შვილების გადასარჩენად - უწყვეტი პროტესტი უკვე მეოთხე დღეა მთავრობის კანცელარიასთან უშედეგოდ მიმდინარეობს.
აქონდროპლაზის მქონე ბავშვების მშობლებს ამ დრომდე არავინ შეხვედრია. მოთხოვნები კი უცვლელია - დედები შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთ მედიკამენტის "ვოსორიტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ, მთავრობა კი ისევ უარზეა. აღსანიშნავია, რომ საუბარია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე 12 ბავშვზე.
ამ დროისთვის მშობლები კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ჯერჯერობით უშედეგოდ ელოდებიან.
"ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - შეგვხვდეს პრემიერი, გამოგვიტანოს განაჩენი. გვინდა მოგვისმინოს და თქვას, აძლევს თუ არა ჩვენს შვილებს ჯანმრთელობის უფლებას. ჯანდაცვის სამინისტრო რასაც ავრცელებს გამწარებული, ისტერიულად თავის საყვარელ არხებზე მოჰყავს თავისი ექიმები, სადაც ალაპარაკებს გვერდით მოვლენებზე და გამოდის, რომ ჩვენ, მშობლები გამოვდივართ ჩვენი შვილის მკვლელები, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაწეროს "ვოსორიტიდი", არ სჭირდება სამედიცინო განათლება, შეუძლია ჩაწეროს და ყველა იმ ნიშან-თვისებას წაიკითხავს, რაც ამ მედიკამენტს ახასიათებს, რომ იგი ეფექტურია, უსაფრთხოა და არის აუცილებელი ამ ბავშვებისთვის",- ამბობს ქეთი ბეგიაშვილი, მშობელი.
ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ ძალიან რთულია, როდესაც დედას შვილისთვის სახელმწიფოსთვის წამლისთვის ხვეწნა და მუდარა სჭირდება.
"ძალიან რთულია 24 საათი დედა იდგე ქუჩაში და ემათხოვრებოდე სახელმწიფოს მედიკამენტს. ჩვენ გვიყურებს არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან და მშობლებს გვწერენ, რომ ეს არის სირცხვილი! 12 ბავშვზეა საუბარი. მედიკამენტი ჩვენთვის არის ძვირი, თორემ სახელმწიფოსთვის არა. სახელმწიფო ვალდებულია, რომ ჩვენს შვილებს მისცენ სიცოცხლის უფლება",- ამბობს სალომე გაბელაშვილი, მშობელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, თამარ იარაჯული კი ამბობს, რომ ახლა მშობლების დისკრედიტაცია მიმდინარეობს, თითქოს, სანტიმეტრებს ითვლიან და ადანაშაულებენ მშობლებს, რომ ამ მედიკამენტმა შეიძლება, მათი შვილები მოკლას. "მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, თამარ გაბუნიას, ცოტა ტონს დაუწიოს და იმიტომ, რომ ფული არ დახარჯონ, მშობლების დადანაშაულებას დაანებონ თავი. ეს გამოიწვევს უფრო მეტ აფეთქებას ჩვენში". ამბობს ის.
მედიკამენტ "ვოსორიტიდის" შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით დღეს 20:00 საათზე აქცია გაიმართება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი