და ისევ უნდა მივუბრუნდეთ ბავშვების პრობლემას, რადგან ბოლო რამდენიმე დღემ ძალიან კარგად აჩვენა, რამდენად საიმედოა ხელშია ჩვენი მომავალი თაობა. თითქოს აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების ასე გაწირვა არ კმაროდა, და UNISEF-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელი ბავშვებიც არანაკლები პრობლემის წინაშე დგანან და პირველ რიგში საფრთხე სწორედ მათ ჯანმრთელობას ემუქრება.
ბოლო კვლევით, სასკოლო საათების განმავლობაში ბავშვების 35% საკვებს საერთოდ არ იღებს, ანუ მთელი დღის განმავლობაში შიმშილობს. სასკოლო ასაკის მოზარდების ნახევრაზე მეტი ამას მისი ოჯახის მდგომარეობით ხსნის, ანუ შია, სურვილი აქვს, მაგრამ შესაძლებლობა, რომ საკვები მიიღოს აღარ.
არადა სატელევიზიო არქივი ინახავს პირადად ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ ვრცელ სიტყვას ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც 11 წლის წინაა ჩაწერილი, მაგრამ ამ 11 წლის განმავლობაში პატარებისთვის ბევრი არც არაფერი გაკეთებულა, არც განათლების ხარისხის და არც მათი ყოფის გასაუმჯობესებლად.
ავტორი: ბექა ყორშია