მთავრობის კანცელარიასთან, სადაც მეექვსე დღეა აქონდროპლაზიის სინდრომის მოქნე ბავშვების მშობლები ღამეს ათენებენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მივიდა. დედები ითხოვდნენ, რომ მათ ომბუდსმენი შეხვედროდათ, თუმცა ადგილზე ლევან იოსელიანი ამ დრომდე არ გამოჩენილა.
ომბუდსმენის წარმომადგენელმა თქვა, რომ ლევან იოსელიანს არ ეცალა და ის ამ თემებზე უშუალოდ მუშაობს.
"ვინაიდან ამ თემებზე უშუალოდ ვმუშაობ, ბატონ ლევანს არ ჰქონდა შესაძლებლობა, არ ეცალა, მე მოვედი, რომ დავლაპარაკებოდი ამ ხალხს პირადადაც. სახალხო დამცველი პირველივე დღეებიდან ამ საკითხზე მუშაობს, რეალურად კომუნიკაცია აქვს როგორც სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე დედების წარმომადგენლებთანაც კონტაქტზე ვიყავით ეს პერიოდი. [...] ჩვენ არ გვაქვს რამე ისეთი ბერკეტი, რომ პირდაპირ ასე ვთქვათ მოვითხოვოთ რამე რომ გაკეთდეს, თუმცა რეალურად ჩვენ შეგვიძლია მედიაციის ფუნქციით ამ საკითხის განხილვა დაჩქარდეს, გვქონდეს სამინისტროსთან კომუნიკაცია და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებთ. ყოველდღიურად, შეიძლება ითქვას, რომ ვართ კომუნიკაციაში და განიხილება ეგ საკითხი, სამინისტროს მხრიდანაც არ არის დახურული. ვიმედოვნებთ, რომ ბავშვების ინტერესების შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება", - თქვა ლიკა წიკლაურმა.
დედები ამ მომენტშიც კანცელარიასთან აქციას აგრძელებენ. ისინი ითხოვენ, რომ მათ პრემიერი შეხვდეს და მოუსმინოს.