"აქტიურად ვმონაწილეობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს პრობლემა იქნას გადაწყვეტილი ბავშვების სასარგებლოდ...", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კანცელარიასთან, აქციაზე მისვლის შემდეგ განაცხადა.
"სამუშაო ჯგუფში აქტიურად ვმონაწილეობთ დღემდე ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს პრობლემა რამენაირად იქნას გადაწყვეტილი ბავშვების სასარგებლოდ. რაც შეეხება თვითონ აქცია, ამ აქციის მიმართაც მონიტორინგი არ შეგვიწყვეტია, ერთადერთი რაც მეც ადამიანურად ძალიან მაწუხებს, რომ ამ ადამიანებს კანცელარიაში არ ეძლევათ საშუალება პირადი ჰიგიენის საკითხები მოიწესრიგონ და მე მოვუწოდებდი კანცელარიის ადმინისტრაციას, რომ მისცენ მათ შესაძლებლობა ისარგებლონ საპირფარეშო იქნება, თუ ხელსაბანი. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამ მედიკამენტის ავკარგიანობაზე, ამაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენი ინტერესი არის, რომ ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს ეს საკითხი და თუ სამედიცინო თვალსაზრისით ეს მედიკამენტი აკმაყოფილებს, რომ ეს უნდა მიიღონ ამ ბავშვებმა ,ჩვენ მედიაციას ვახდენთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული" - ამბობს იოსელიანი.
მთავრობის კანცელარისთან 19:00 საათზე საპროტესტო აქცია დაიწყება. აქცია მშობლებმა პრემიერ ღარიბაშვილის უარის შემდეგ დაგმეს.
შეგახსენებთ, უკვე 6 დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან ღამეს ათევენ. ისინი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.