აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება.
მშობლებმა უკვე მეშვიდე ღამე გაათენეს კანცელარიასთან, სადაც, 19:00 საათზე დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია იგეგმება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეიდან, ყოველ დღე, ზუსტად შვიდ საათზე ისინი მსვლელობით ჩაივლიან პარლამენტის ტერიტორიაზე, იქიდან კი უკან მთავრობის კანცელარიასთან დაბრუნდებიან და მორიგ ღამეს გაათვენ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.
მშობლები კვლავ ითხოვენ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას, თუმცა მათ ამ დრომდე არავინ ხვდება.
"მე არ ვაპირებ, რომ დავტოვო ჩემი დანარჩენი ორი შვილი, მოვკიდო პეტრეს ხელი და ჩავბარდე ლტოლვილად სხვა ქვეყანას, იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა მიიღოს მედიკამენტი. არ ვაპირებ, რომ ყველაფერი დავტოვო და ამ ქვეყანაში დარჩეს ეს უსამართლობა. არ ვაპირებ არცერთ ქვეყანას ჩავბარდე, ჩემს ქვეყანაში ველოდები წამალს, სანამ წამალი არ გვექნება დავრჩები აქ," - თქვა ერთ-ერთმა მშობელმა.
შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე დღეა რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებისგან აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი