თბილისის მერია 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, დაგეგმილია 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისუაბრა და თქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომელიც ხვალ დასრულდება.

"გადავწყვიტეთ შევისყიდოთ 18-მეტრიანი ავტობუსები, ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შედეგების შესაბამისად კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში", - თქვა კალაძემ.

მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, პროექტის ჯამური ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით დაახლოებით 245 მლნ ლარი იქნება, რომელიც კვლევის შედეგების მიხედვით დაკორექტირდება.

ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია ეტაპობრივად - "2024 წლის განმავლობაში პირველი 50 ერთეული მოგვეწოდება საორიენტაციოდ, 2024 წლის აპრილამდე, ხოლო დანარჩენს 2024 წლის მეოთხე კვარტალში მივიღებთ".

გარდა ამისა, კახი კალაძემ თქვა, რომ 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზის პროექტირება- მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

"ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა", - თქვა მერმა.

ავტობაზის მშენებლობის დასრულება 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი