ქართველი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მისი შვილის ფოტოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას აპროტესტებს.
მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ არასრულწლოვანი შვილის ფოტოს გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში მისთვის მიუღებელია.
აგვისტოს ომის გმირის მეუღლე მიმართვის ადრესატის ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, საუბარია გიორგი ანწუხელიძის შვილის ფოტოზე, რომელიც "უცნობს" სარეკლამო ბანერად აქვს გამოყენებული.
"15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ამ ომში მონაწილე ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლით, რისკის ფასად იცავდნენ სამშობლოს, ღირსებას, თავისუფლებას. ესაა ჯარისკაცის ვალი, რომელიც ჩემმა მეუღლემ ღირსეულად მოიხადა. მიუხედავად ჩემი პირადი ტრაგედიისა, არასოდეს მიფიქრია, რომ გიორგის სხვაგვარად შეეძლო მოქცევა, ან მოიქცეოდა დღეს, ცოცხალი რომ ყოფილიყო და სამშობლოს კვლავ დასჭირვებოდა მისი სიცოცხლე. გიორგი ანწუხელიძე ჩემთვის არ არის მხოლოდ ოჯახის წევრი, ის ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ქართველისთვის, არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ასეთი მაგალითები ქმნიან ჩვენს ისტორიას, ეროვნულ თვითშეგნებას და ვალდებულებებს.
ჩემი მეუღლის სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საჯაროდ ნაკლებად დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური მოსაზრებები სხვადასხვა თემებზე და მხოლოდ იმ საკითხებზე გამოვთქვა აზრი, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის საერთო, სასიკეთო მიზნებს, ღირებულებებს, აუცილებელ პრინციპებს ეხება. ვცდილობ ჩემი პოზიციებით ისეთი შეხედულებები გამოვხატო, რომლებიც არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას და არ დაემთხვევა რომელიმე საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს.
მიმაჩნია, რომ მითუმეტეს, არაა მიზანშეწონილი , ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად ჩართოს რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში . დღეს მათ არ აქვთ და ვერ ექნებათ ყველა ფაქტსა და მოსაზრებაზე საკუთარი შეხედულება, ამიტომ ჩემი მოვალეობაა სხვათა მოსაზრებებისგან მათი დისტანცირება მანამ, სანამ თავად არ ექნებათ სრულყოფილი საშუალება გადაწყვიტონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია სხვადასხვა თემებზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ბავშვების უფლებები და ჩემი დამოკიდებულება. იმედი მაქვს, ეს საჯარო თხოვნა მიაღწევს ადრესატამდე, კონკრეტული ფაქტებისა და ადამიანების დასახელების, ზედმეტი განხილვების გარეშე." წერს ფეისბუქზე მაკა ჩიკვილაძე.