წამალი ბავშვებს - მასშტაბური აქცია, რომელიც კანცელარიასთანაა დაანონსებული, სტუდენტები უერთდებიან. როგორც ორგანიზატორების განცხადებაშია ნათქვამი, 14:00 საათზე ახალგაზრდები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გადაინაცვლებენ კანცელარიისკენ:
"რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა არ შეცვლილა სისტემა, რომელიც თავისი ბუნებით რუსულია. აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის მიწოდებაზე უარის თქმა სწორედ ამაზე მეტყველებს.
ჩვენი მიზანია, ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელშიც დედებს არ მოუწევთ ქუჩაში დგომა საკუთარი შვილების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მიზანია საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანება, რაც შეუძლებელია ამგვარ პირობებში.
ზუსტად ამიტომ, სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ დედებს და ვუერთდებით ხვალინდელ აქციას კანცელარიასთან.
ხვალ, 14:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც დავიძვრებით მსვლელობით კანცელარიისკენ, რათა მოვითხოვოთ წამალი ბავშვებისთვის!" ნათქვამია განცხადებაში.
უწყვეტი პროტესტის ორი კვირის თავზე, მთავრობის კანცელარიასთან დედების მასშტაბური აქცია გაიმართება. 29 აპრილს, სამ საათზე აქონდროპლაზის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან. მოთხოვნები უცვლელია - დაუფინანსეთ ბავშვებს წამალი.