„მუნიციპალური განვითარების ფონდი“ მე-3 წელია რუსთავის 25-ე სკოლის რეაბილიტაციას ცდილობს. სამუშაოები, 2020 წლის ბოლოს დაიწყო და დღემდე არ არის დასრულებული. 720 მოსწავლე, ორი სხვადასხვა სკოლაშია განაწილებული. მე-12 კლასის მოსწავლეები კი ონლაინ ფორმატით იღებენ განათლებას.
სკოლის დირექტორი თეა ტაბატაძე აცხადებს, რომ სამუშაოები 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და უნდა დასრულებულიყო, 2021 წლის ნოემბერში.
„ სხვადასხვა სამუშაოების დამატება გახდა საჭირო და რამდენჯერმე მოხდა კორექტირებაც. ბოლოს, მაისში გვპირდებოდნენ დასრულებას, თუმცა ისევ კორექტირებას ელოდებოდნენ და ვერ გეტყვით ზუსტად.
ბოლოს თქვეს, რომ ივნისის შუა რიცხვებში მაინც დასრულდებოდა. ვფიქრობ, რომ სექტემბერში სწავლის განახლებას წინ არაფერი არ უნდა დაუდგეს. ვერ გეტყვით ზუსტად, ეს შეიძლება ჩემი სურვილია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ დიდი სამუშაოებია შესრულებული უკვე და წესით, დასრულებას ხელი არ უნდა შეეშალოს“, – ამბობს QvemoQartli.ge -სთან საუბარში თეა ტაბატაძე.
გამოცემა აღნიშნულ სკოლას 13 აპრილს ესტუმრა, თუმცა ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. მიზეზი კი, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სახელფასო დავალიანებაა, რომელიც სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დასაქმებულების მიმართ აქვს.
კითხვით, რატომ გაჭიანურდა სკოლის რეაბილიტაცია და როდის დასრულდება, QvemoQartli.ge-მ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ 18 აპრილს წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე უცნობია.