"ვივა მედის” კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკვე მესამე მკურნალ ექიმზე თქვა უარი. მისივე მტკიცებით, მესამე პრეზიდენტის ექიმებს მუშაობა "წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ უწევთ":
"უნდა ითქვას, რომ ექიმებს მუშაობა წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ უწევთ. ეს იმიტომ, რომ თუ მკურნალი ექიმი ობიექტურ განცხადებას გააკეთებს და ობიექტურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, ეს მაშინვე იწვევს გაღიზიანებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმას. ეს უკვე მესამე მკურნალი ექიმია, რომელზეც პაციენტმა უარი განაცხადა“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩხაიძის თქმით, პაციენტის კლინიკური მიმდინარეობა არ შეცვლილა და პირღებინება კვების რაციონის უხეშმა დარღვევამ გამოიწვია.
„რაც შეეხება მდგომარეობის კრიტიკულობას, მინდა გითხრათ, რომ კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური მიმდინარეობა ნამდვილად არ შეცვლილა და ორი დღეა, “ვივა მედის” თანამშრომლებს ამის მტკიცება გვიწევს. დიახ, პირღებინება ნამდვილად ჰქონდა. ეს კვების რაციონის უხეში დარღვევით იყო გამოწვეული. კლინიკურად ახსნადია, თუ რა იყო პირღებინების მიზეზი. მე ქალბატონ გიულის დღესაც ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ის საკვები მოეტანა, რაც კვების პრობლემების პროვოცირებას არ გამოიწვევს”, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. [IPN]