ბაირაქტარების გამოფენა თურქეთში - "მთავარი არხი" სტამბოლიდან და ექსკლუზიური ინტერვიუ სელჩუკ ბაირაქტართან

გამოქვეყნდა:

"მოდის ძლიერი რაკეტები და ტექნიკა - ჩვენ ამ ყველაფერზე ერთი პასუხი გვაქვს - ბაირაქტარი" - ეს ციტატა უკრაინული სიმღერიდანაა, რომელიც აგრესორთან მებრძოლმა ერმა უპილოტო საფრენ აპარატს, თურქულ ბაირაქტარს მიუძღვნა. 

"დრონის ხმა მესმის მას კი ვერ ვხედავ"- ეს გამოთქმა უკვე ანდაზად, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს იქცა. 

სწორედ თურქული წარმოების დამრტყმელმა დრონებმა გადაწყვიტა ომის ბედი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სასარგებლოდ. გადამწყვეტი მომენტები სწორედ უპილოტო საფრენ აპარატს შემოუტრიალებია უკრაინაშიც. ამ ლეგენდარული დრონის შემქმნელი კი ინჟინერი, ძველ სტამბოლში დაბადებული სელჩუკ ბაირაქტარია. "მთავარმა არხმა" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაციის, კოსმოსისა და ტექნოლოგიების ფესტივალ TEKNOFEST 2023-ზე თავად სელჩუკ ბაირახტარი ექსკლუზიურად ჩაწერა. 

"ვფიქრობ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მსოფლიოსთვის ჩვენი ტექნოლოგიები მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ეს ტექნოლოგიები კი გვეხმარება უფრო სამართლიან მსოფლიოში ვიცხოვროთ. 

დღევანდელი ტექნოფესტი ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის საამაყო მოვლენაა. ჩვენ მეექვსე წელია ამ ფესტივალს ვმართავთ, შარშან ის აზერბაიჯანში გაიმართა.  

ბაირაქტარის, ქიზილელმასა  და აქინჯის  შემდეგ ჩვენ მფრინავი ავტომობილების და კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ვმუშაობთ. ახლა ჰაერში დაფრინავს ჩვენს მიერ შექმნილი უპილოტო საფრენი აპარატი ბაირაქტარი და უპილოტო სამხედრო ბომბდამშენი ქიზილელმა - ეს მსოფლიოში პირველად ხდება. ჩვენ კი ამით ვამაყობთ. " ამბობს სელჩუკ ბაირაქტარი.

სელჩუკ ბაირაქტარს ახალი თაობის თურქების თაობასაც უწოდებენ. სელჩუკი პროფესიით სამხედრო ინჟინერ-კონსტრუქტორია, მან განათლება თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ასაკში მან შექმნა მაღალტექნოლოგიური კომპანია  Baykar Makina, რომელიც ავიატექნიკის შექმნით და წარმოების დაპროექტებით იყო დაკავებული. სწორედ ამ კომპანიაში შექმნა მან დამრტყმელი დრონი ბაირაქტარი. 

ყველაფერთან ერთად ის თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის სიძეა, მან 2016 წელს გაზაფხულზე იქორწინა თურქეთის პრეზიდენტის ქალიშვილზე სიუმეიეზე, დღეისათვის წყვილი ერთად ზრდის გოგონას ჯანან აიბუკე ბაირაქტარს.  

Bayraktar TB2 — თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატია, რომლის დისტანციურად მართვა ან ავტონომიურად ოპერირებაა შესაძლებელია. საფრენი აპარატი კონტროლდება და იმართება სახმელეთო კონტროლის სადგურში მყოფი ეკიპაჟის მიერ. ბაირაქტარი თურქულიდან ითარგმნება, როგორც „დროშა“ ან „დროშის მატარებელი.“ 

წლების წინ ვლადიმერ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ რეჯეფ თაიფ  ერდოღანი თურქული დრონებით მოსკოვს დაეხმარებოდა და წარმოება დაიწყებოდა, თუმცა თურქეთმა ამ შემთხვევაში ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგომა ამჯობინა და უკრაინელებს ინტენსიურად ამარაგებს სამხედრო დრონებით. 

დრონებისა და სხვა სამხედრო ტექნიკით დახმარების გარდა, 2022 წლის 18 აგვისტოს თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ომის შემდეგ უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობას ითვალისწინებს. თურქებს ეს ძალიან ახარებთ და მეტიც, ტექნოფესტივალზე მისულ ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ რეგიონის უსაფრთხოებისთვის მათი სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი