"მთავარ არხს" უცხოელი ინვესტორი დაუკავშირდა, რომელიც, რამდენიმე თვეა, საქართველოში დამოუკიდებელ სასამართლოს ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ბათუმის აეროპორტში დუბაიდან მომავალ ინვესტორს სარეალიზაციო ნივთები მესაზღვრეებმა ჩამოართვეს.
ბრიტანელმა ბრაიან არგომ და მისმა მეუღლემ ქრისტინამ ბათუმში უძრავი ქონების შეძენა გადაწყვიტეს. როგორც ქალი "მთავართან" ყვება, ბათუმის აეროპორტში მოითხოვა დეკლარაციის ფურცლები, რათა პირადი ნივთები დაეფიქსირებინა, მებაჟეებმა კი, მისი თქმით, უთხრეს, რომ ფურცლები არ ჰქონდათ, თუმცა შეეძლო დეკლარაცია ზეპირად შეევსო.
ქალი ამბობს, რომ მებაჟეებმა აეროპორტში 11 საათს გააჩერეს და სამკაულები ჩამოართვეს. ის ნივთების დაბრუნებას ამ დრომდე ითხოვს.
"დუბაიდან ბათუმში 27 ოქტომბერს ჩამოვფრინდი, ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი იყო ის რომ მეყიდა უძრავი ქონება, კონკრეტულად კი მიწის ნაკვეთი, რომ ჩაგვედო ინვესტიცია. ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა მითხრეს რომ თუკი კარგად წავიდოდა ყველაფერი ისინიც მოიფიქრებდნენ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას. რომ ჩამოვფრინდი, საპასპორტო კონტროლზე მკითხეს ჩამოსვლის მიზეზი, მე ავუხსენი ეს მიზნები.
შემდეგ უკვე დაველოდე ჩემს ბარგს, ვიკითხე სად უნდა ამეღო დეკლარაცია, რომ უკან დაბრუნებისას არ შემქნოდა პრობლემა, რომ უკან შემძლებოდა ჩემი ნივთებისა და ოქროს წაღება, მათ მითხრეს რომ მათ არ ჰქონდათ ამისთვის სპეციალური ბლანკი, თუმცა ისიც მითხრეს რომ შემეძლო ზეპირი დეკლარაციის შევსება, მე დავთანხმდი და ავიღე ჩემი ჩემოდანი. შემდეგ მკითხეს რა მქონდა ჩემოდანში - ვუთხარი რომ ოქრო პატარა ჩანთაში მქონდა.
ძალიან დამტანჯეს, 11 საათი გამაჩერეს აეროპორტში, ძალიან გაუსაძლისი იყო, ამდენი ხანია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, ორი ქვეყნის მოქალაქე ვარ, აქედან ერთ-ერთია ევროპული ქვეყანაა. მინდა, ამ ქვეყნის პრემიერმა ყურადღება მიაქციოს საბაჟოს და დამიბრუნონ ჩემი ოქრო", - ამბობს ქრისტინა არეოეტიანი.
ბრიტანელი ბრაიან არგო ამბობს, რომ თუ საქმე საქართველოს სასამართლოში ვერ მოგვარდება, იძულებული გახდება, ყველას გააგებინოს მომხდარის შესახებ.
"ეს კოშმარი 27 ოქტომბერს დაიწყო, ქრისტინა ბათუმში გამოვგზავნე, გვინდოდა ინვესტირება უძრავ ქონებაში დაგვეწყო რომ აქ საოჯახო ბიზნესი გაგვეხსნა. 30 წელი დუბაიში ვცხოვრობ, იქაურმა მეგობრებმა მირჩიეს საქართველოში ჩამოსვლა, წარმატების შემთხვევაში ისინიც აპირებდნენ აქ ინვესტირებას მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ აქ არასდროს უნდა ჩამოვსულიყავით. სიტუაციას რომ ვუყურებ ვფიქრობ აჯობებს ყველაფერი გავყიდო საქართველოში და აქედან წავიდე. ჩემს მეუღლეს საშინლად მოექცნენ.
ნახევარი წელია ამ საქმეზე ვიბრძვით, ყველა მტკიცებულება გვაქვს, მათ შორის ვიდეოჩანაწერი აეროპორტიდან რომ ქრისტინას არაფერი დაუშავებია. გვინდა, ყველაფერი გაირკვეს , გვინდა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. თუ საქართველოს სასამართლოში ვერ მოგვარდება ჩვენი პრობლემა მაშინ მოგვიწევს სხვაგან წასვლა, მოგვიწევს გავაგებინოთ ყველას როგორ ექცევიან ამ ქვეყანაში იმ ხალხს რომლებსაც ინვესტირება სურთ აქ", - ამბობს ბრაიან არგო.
აღსანიშნავია, რომ ბრაიან არგოს ოჯახმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა. პირველმა და მეორე ინსტანციამ ისინი გაამტყუნა და ჯარიმად 10 000 ლარი დააკისრა. ოჯახი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე