რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი პროვოკაცია შიდა ქართლში - ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის სიახლოვეს საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი აამოქმედა.
ცნობილია, რომ ორი შუახნის მამაკაცი, რომელთა იდენტიფიცირებაც "მთავარმა არხმა" შეძლო, ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი რუსებმა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი საქონელს მწყემსავდნენ.
"სოფლის ნახირს მწყემსავდნენ და რუსებმა წაიყვანეს... ნადირობაა გამოცხადებული..." - ამბობენ ადგილობრივები რუსების მიერ გატაცებულ მოქალაქეებზე.
არსებული ინფორმაციით, რუსებმა 2 გატაცებული დიდმუხის საოკუპაციო ბაზაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, დავით ქაცარავა ავრცელებს.