უკანონო, საფრთხისშემცველი მშენებლობა დედაქალაქის ცენტრში - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კოტე აფხაზის ქუჩაზე უკანონო მშენებლობაზე საუბრობს. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა საფრთხეს უქმნის მომიჯნავე შენობებს და დედაქალაქის მერიას კორუფციულ გარიგებასა და დაუდევრობაში ადანაშაულებს.
"თბილისის მერის, კახი კალაძის მენეჯმენტის კიდევ ერთი სავარაუდო კორუფციული ინტერესით ნაკარნახევი ბარბაროსობა და ვანდალიზმი ისტორიული თბილისის შუაგულში, რომელსაც ეწირება ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა. სამშენებლო ნებართვა გაცემულია ,,ქართული ოცნების’’ შემომწირველთან დაკავშირებულ კომპანიაზე, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულება და მომიჯნავე შენობების გამაგრების ნაცვლად, ურბანული კატასტროფა მოაწყო. ეს არის თბილისის მერიის მავნებლობა, გულგრილობა და დაუდევრობა, რომელსაც ეწირება ძველი ისტორილი ნაწილი’’ - თქვა ლაშა ფარულავამ.
მერიას არაერთხელ მიმართეს ადგილობრივებმაც, თუმცა მუნიციპალიტეტის ინსპექციას სამშენებლო დარღვევებზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.
"სახლი დაიშალა ხალხო, ფუნდამეტი დაიშალა. აი, ეს მიწა რომ ჩაინგრა 8 სანტიმეტრი სახლი გადმოიწია. ყველა მეზობელი ასეთ დღეშია შეჩერდეს ეს მშენებლობა და მეზობლებს რაც დაუშავეს, ის გაუკეთეს. მეც ვიწყებ ჩივილს, უნდა შევიტანო სასამართლოში",- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.