შვილების გადასარჩენად კანცელარიასთან დედების უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ხელისუფლება მათ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას არღვევს და აქციაზე წვიმის დროს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევს.
სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან, სპეციალურად ცელოფნის პარკისგან აწყობილი კარვები დაშალა და მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანა.
მშობლები კონკრეტულ დოკუმენტს ითხოვენ, სადაც მედიკამენტ "ვოზორიდის" ქვეყანაში შემოტანის თარიღი ეწერება და პროტესტის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე სახელმწიფო აქონდროპლაზიის მქონე 12 ბავშვისთვის საჭირო მედიკამენტს არ დააფინანსებს.
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედები მეცამეტე დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. ხვალ, 1-ელ მაისს, ტრადიციულად, მთავრობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც უნდა დაესწროს, ამიტომ დედები ხვალაც შეეცდებიან მთავრობის მეთაურს საკუთარი პროტესტის ხმა გააგონონ. პრემიერმინისტრმა მათთან შესახვედრად დრო 13 დღის განმავლობაში ვერ გამონახა.