ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედანზე ხელისუფლებასთან დაახლოებული მომღერლის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. "უცნობის" აქციაზე შეკრებილები ქვეყნაში მშვიდობას მოითხოვენ, ისმის ანტიდასავლური მოწოდებები.
ხალხის შესაკრებად დღეს მმართველმა პარტიამ ადმინისიტრაციული რესურსი გამოიყენა და რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანების უმრავლესობას საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები შეადგენენ.
აქციაზე მიყვანილი მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია, რა მოთხოვნით იმართება აქცია. ვიდრე სიტყვით გამოსვლები დაიწყება, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს უყურებენ.
"იქნებ თქვენ მითხრათ რა აქციაა... აქციაზე ვდგავარ? მე დიდ ეკრანზე ფეხბურთის საყურებლად გამოვედი. უნებლიედ თუ ნებით [აქციასთან კავშირი მაქვს]. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და აქ მოვკვდები", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
"მე ასე მაქვს გაგებული, რომ აქციაა ვისაც ომი არ უნდა. ამიტომ [მოვედი აქციაზე], რომ ომი არ მინდა", - ამბობს ერთ-ერთი მონაწილე.
"უბრალოდ შეკრებაა ქართველი ხალხის და თავიანთი სურვილების გამოხატვა. მოვისმინოთ ხალხის შეხედულება... გავიგებთ ალბათ", - თქვა მონაწილემ.