"წამალი ბავშვებს" - ამ მოთხოვნით ხვალ, 1 მაისს 13:00 საათზე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან მორიგ აქციას გამართავენ.
მშობლებს ადმინისტრაციასთან შეკრება მთავრობის სხდომის პარალელურად სურთ.
გარდა ამისა, გავრცელებულ განცხადებაში მშობლები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას კომენტარს გამოეხმაურნენ. გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ აუცილებელია საბჭოს შექმნა, სადაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები იქნებიან გაწევრიანებული, თუმცა მშობლები ამბობენ, რომ სამინისტროს მათთან შეხვედრა არ შეუთავაზებია.
"ვიკრიბებით კანცელარიასთან 13:00 საათზე და ველით მთავრობის სხდომაზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას!
შემოგვიერთდით, ერთად ვიხმაუროთ და ჩვენი ხმა სახელმწიფოს გავაგონოთ!
ქალბატონმა თამარ გაბუნიამ, მინისტრის მოადგილემ, დღეს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ აუცილებელია დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, საბჭოს შექმნა, სადაც აქონდროპლაზოის მქონე ბავშვების მშობლები იქნებიან გაწევრიანებული. თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე, შემოგვთავაზა თუ არა მან მშობლებს დიალოგი, ქალბატონ თამარს არ უპასუხია.
არათუ არ შემოუთავაზებია მას ჩვენთან, მშობლებთან შეხვედრა, არამედ წვიმისგან დამცავი უბრალო პარკებიც კი გამოგვაცალა დღეს პოლიციამ, იმ დროს, როცა ქალბატონი თამარი ეთერში საუბრობდა, რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს.
ჩვენ მზად ვართ, დიალოგისთვის, ამიტომ თქვენც გელით კანცელარიასთან, ქალბატონო თამარ!
ხვალ 13:00-ზე, ერთად დაველოდოთ მთავრობის პასუხს!", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, წამლის მოთხოვნით მშობლები კანცელარიასთან რჩებიან - წვიმის გამო დღეს მათ ადგილზე კარვის გაშლა სურდათ, თუმცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს ამის უფლება არ მისცა. ამის შემდეგ მშობლებმა წვიმისგან თავის დასაცავად ცელოფნის პარკი გააკრეს, თუმცა პოლიციამ ისიც ჩამოხსნა.
წელიწადზე მეტია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქვეყანაში შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანასა და მთავრობისგან დაფინანსებას ითხოვენ. ერთ კვირაზე მეტია ისინი კანცელარიასთან ღამეებს ათევენ და პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მთავრობიდან მშობლებს არავინ დაკავშირებია.
24 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წამლის დაფინანსების პრობლემა ქვეყანაში არ დგას, რადგან საუბარია დაახლოებით 10 მილიონზე. თუმცა მთავრობა ამ ნაბიჯს ჯერ არ გადადგამს, რადგან მას პრეპარატის შემოსატანად დამატებითი სამედიცინო მტკიცებულებები სჭირდება.