კანცელარიასთან შეკრებილმა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას მიმართეს და მოუწოდეს, ადგილზე მივიდეს და პირადად შეხვდეს მათ.
გაბუნიამ გუშინ, 30 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ აუცილებელია პროცესი დიალოგის რეჟიმში დაბრუნდეს. მშობლების თქმით, მათ ეს განცხადება ტელევიზიისგან გაიგეს და შეხვედრაზე შეთავაზება არ პირადად მიუღიათ.
"ჩვენი მისამართით ქალბატონი თამარის მხრიდან ეს მოწოდება არის გაფანტული, პირადად ჩვენთვის მას არ უთქვამს ასეთი სიტყვები. მოვუწოდებთ ქალბატონ თამარს, მობრძანდით პირადად და აასრულეთ თქვენი სიტყვებიო, რასაც ჩვენ ტელევიზიებიდან ვიგებთ, რომ აუცილებელია ეს პრობლემა მოგვარდეს და გადაიდგას ნაბიჯები. სხვა შემთხვევაში გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ხალხის მოსატყუებლად გაკეთებული განცხადება, რადგან ჩვენამდე არ მოდის თქვენი მზაობა, თქვენ ჩვენ არ გვეუბნებით, რომ მზად ხართ. მობრძანდით, ჩვენ თქვენს კართან ვართ, თქვენ კარს არ გვიღებთ და ტელევიზიიდან ვიგებთ, რომ აუცილებლად უნდა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში", - თქვა მაკუნა გოჩიაშვილმა.
კანცელარიასთან აქცია 13:00 საათზე დაიწყო, პარალელურად ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა იმართება. დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილს მშობლების მოთხოვნაზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
წელიწადზე მეტია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქვეყანაში შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანასა და მთავრობისგან დაფინანსებას ითხოვენ. ერთ კვირაზე მეტია ისინი კანცელარიასთან ღამეებს ათევენ და პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მთავრობიდან მშობლებს არავინ დაკავშირებიათ.
24 აპრილის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ წამლის დაფინანსების პრობლემა ქვეყანაში არ დგას, რადგან საუბარია დაახლოებით 10 მილიონზე. თუმცა მთავრობა ამ ნაბიჯს ჯერ არ გადადგამს, რადგან მას პრეპარატის შემოსატანად დამატებითი სამედიცინო მტკიცებულებები სჭირდება.