ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში, ქარელის მერიამ ერთ-ერთ უბანში სარწყავი არხი სანახევროდ მოაწყო. ადგილობრივები რეგიონულ გამოცემა "მოზაიკასთან" ამბობენ, რომ წყალმომარაგებისას მათ სახლები და ეზოები ეტბორებათ.
"ეს არის ნახევრად გაკეთებული საქმე, მაშინ საერთოდ ნუ გააკეთებდნენ, რა აზრი ჰქონდა ამის გაკეთებას. წყალი წამოვა თუ არა, სახლები გვეტბორება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ბოლომდე დასრულდეს არხის მოწყობა" - უყვება გამოცემას ერთ-ერთი ადგილობრივი.
სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხის სანახევროდ მოწყობა ქარელის მერიამ თანხების არ არსებობით აუხსნა.
პრობლემის მოგვარების მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებას ოპოზიციონერმა დეპუტატმა წერილითაც მიმართა. პარტია "ლელოს" წევრს, ზურა ლეკიაშვილს, მერიამ განუმარტა, რომ მიმდინარე წელს სანიაღვრე არხის სრულად მოწყობა ვერ მოხერხდება.
"რადგან ქარელის მუნიციპალიტეტის 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში უკვე განსაზღვრულია ინფრაქსტრუქტურული პროექტები და 2023 წელს განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამებიც უკვე შედგენილია, მოსახლეობამ გააკეთოს მოთხოვნა, რომ აღნიშნული სარწყავი არხის რეაბილიტაცია განხორციელდეს მომავალი წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" - ნათქვამია მერიის საპასუხო წერილში.
ფოტო: "მოზაიკა"