15:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები უწყების წარმომადგენლებს შეხვდებიან, თუმცა კონკრეტულად ვის, უცნობია.
მშობლების თქმით, ისინი უწყებისგან მოითხოვენ საგარანტიო დოკუმენტს, რომელშიც მითითებული იქნება, როდის დაიწყებენ ბავშვები საჭირო პრეპარატით მკურნალობას.
"ჯანდაცვის სამინისტროში ხდება ეს შეხვედრა. ხვდებიან ჯანდაცვის მინისტრს და ალბათ ქალბატონ გაბუნიას. ჩვენი მშობლები წამოაყენებენ იმ ულტიმატუმს, რომელ თვეში შემოიტანენ წამალს და მოვუსმენთ რას შემოგვთავაზებენ. ჯანდაცვამ გაითვალისწინოს, რომ აქ ბავშვებზეა საუბარი და ბავშვების მდგომარეობაში შევიდნენ. მათ აქვთ დიდი მოლოდინი და ნუ გაუცრუებთ ამ მოლოდინს და ძალიან სწრაფად შემოიტანონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი", - თქვა ეკა ჭონქაძემ.
მშობლებმა კანცელარიასთან 15 ღამე გაათენეს, ამ დროის განმავლობაში ეს პირველი შეხვედრა იქნება ოფიციალურ უწყებასთან.
წელიწადზე მეტია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქვეყანაში შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანასა და მთავრობისგან დაფინანსებას ითხოვენ.
24 აპრილის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ წამლის დაფინანსების პრობლემა ქვეყანაში არ დგას, რადგან საუბარია დაახლოებით 10 მილიონზე. თუმცა მთავრობა ამ ნაბიჯს ჯერ არ გადადგამს, რადგან მას პრეპარატის შემოსატანად დამატებითი სამედიცინო მტკიცებულებები სჭირდება.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი