აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მშობელი, მაკა გოჩიაშვილი წერს, წამლის შემოტანაზე აღარ ეკამათებიან, სამოქმედო გეგმაც გააცნეს, თუმცა გარანტიისთვის დოკუმენტს ვერ აძლევენ, რის გამოც, პროტესტი ისევ გაგრძელდება:
"ახლა გამოვედით ჯანდაცვის სამინისტროდან მშობლები.
წამლის შემოტანა-არ შემოტანაზე აღარც გვეკამათებიან და ეს ძალიან კარგია.
სამოქმედო გეგმა გაგვაცნეს და თანმიმდევრული და სწორი გეგმაა, ჩვენი მონაწილეობაც გათვალისწინებული აქვთ და სრული სიფხიზლით ვიქნებით ჩართულები, რომ არ გადავუხვიოთ გეგმიდან.
გარანტიისთვის დოკუმენტს, ამ ეტაპზე, ვერ გვაძლევენ და ამიტომ მუშაობის პარალელურად, პროტესტი იმავე ფორმით გრძელდება.
შემდეგი შეხვედრა 5 მაისს ჩავინიშნეთ." წერს მაკა გოჩიაშვილი.
შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის მიერ იყო ორგანიზებული.