გორის სოციალურ საცხოვრისში, სადაც 300-მდე პირი ცხოვრობს, სველი წერტილებიც კი არაა - ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 3 მაისს გორის სოციალური საცხოვრისი დაათვალიერა, რომელშიც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები, შენობაში არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები, მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე.

ომბუდსმენი ამბობს, რომ შენობაში არსებული პირობები განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

"შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე დღეს გორის სოციალურ საცხოვრისში ვნახე, არსად არ შემხვედრია. შენობაში სველი წერტილებიც კი არ არის და ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ოჯახებს, მათ შორის, ბავშვებს და შშმ პირებს.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთავრობამ ადგილობრივმაც და ცენტრალურმაც გამონახოს სახსრები და ეს ადამიანები ნორმალურ პირობებში დაასახლოს", - თქვა პრესსამსახურის ცნობით, ლევან იოსელიანმა.

ოფისის ცნობით, გორის სოციალურ საცხოვრისში განთავსებული მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ შაყულაშვილს შეხვდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი