ანტისანიტარია და სიცოცხლისთვის სახიფათო ინფრასტრუქტურა - ამ რეალობაში უწევთ ხობში ,სოფელ ქვედა ზენის მოსწავლეებს , განათლების მიღება.
შენობა, რომელსაც საბჭოთა დროინდელი წარწერა აქვს, სახელმწიფოსგან 30 წელზე მეტია მიტოვებულია. აქ სწავლა კი ,ადგილობრივების გარდა, დროებით ხიბულას საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც უწევთ. მიზეზი იგივე - გაუსაძლისი პირობებია.
სკოლაში, სადაც ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად განადგურებულია, არ არის წყალი და ელექტროენერგია, რის გამოც ადმინისტრაცია საკუთარი ძალებით ცდილობს მინიმალური პირობების შექმნას. სკოლაში ყვებიან, რომ ელექტროგაყვანილობა თავად შეიძინეს, თუმცა შენობის ავარიულობიდან გამომდინარე დამონტაჟების უფლება არ მისცეს.
ყოველდღიური საფრთხის გამო მშობლები ბავშვებს სკოლაში მარტო ვერ უშვებენ. შენობის გარდა, ავარიულია სკოლის საპირფარეშოც. სკოლის ადმინისტრაციამ ადგილობრივ ხელისუფლებას და რესურსცენტრს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. სოფელში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობით და მოსწავლეების ბედით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.
სოფელში შექმნილ უმძიმეს რეალობაზე პასუხები არ აქვთ მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში. თავად რესურსცენტრის ხელმძღვანელმა,ბეატრისა რუსიამ, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ არის მხილებული ხელისუფლების ინტერესების გატარებაში, "მთავარი არხის" კამერასთან გამოჩენა არ ისურვა.
სკოლა, რომელიც წლებია ხელისუფლებისგან მიტოვებულია, დღითიდღე საშიში ხდება მოსწავლეებისთვის. ადგილობრივები კი სკოლის რეაბილიტაციას ამ დრომდე უიმედოდ ელიან.
ავტორი: ემა გოგოხია