სოფელ ნაქალაქევში მცხოვრებ 28 წლის კაცს, მდინარე მტკვარში, მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
ადგილობრივების განცხადებით, სამაშველო ღონისძიებებში გუშინვე უნდა ჩართულიყო თბილისიდან ჩამოყვანილი მყვინთავების ჯგუფი. "სამხრეთის კარიბჭე" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც უპასუხეს, რომ სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს და სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.
ცნობისთვის, 28 წლის კაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა. იგი სოფელ თმოგვიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში უნდა მისულიყო.
ფერმამდე მისასვლელად კაცი მტკვარზე უნდა გადასულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ის წყალში ჩავარდა. ადგილობრივების თქმით, ამ ადგილზე ხიდი არ არის, მოსახლეობა წყალზე გაჭიმული ბაგირით სარგებლობდა, რომელზეც კალათა იყო ჩამოკიდებული.
როგორც გუშინ ერთ–ერთმა მოქალაქემ "სამხრეთის კარიბჭეს" უთხრა, 28 წლის კაცმა წყალზე გასასვლელად კალათა არ გამოიყენა და ბაგირზე ჩამოკიდებულმა სცადა მეორე მხარეს გადასვლა.
სამძებრო ღონისძიებების დაწყების შემდეგ, მოსახლეობამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, მტკვარში მისი ზურგჩანთა იპოვეს