თავდაცვის ყოფილი მინისტრი ზუგდიდში - ირაკლი ალასანია ფრანგულ პარკში იმყოფებოდა, სადაც მამის, საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა.
"ბედნიერი დღეა დღეს, არამარტო ჩემი ოჯახისთვის არამედ მთელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ ეროვნული გმირების სახელების უკვდავყოფა ჩვენი ერის საზრუნავია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, მერიას, საკრებულოს, ასევე ვეტერანთა დეპარტამენტს ამის ორგანიზებისთვის და მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მამია ალასანიას დაღვრილი სისხლი მინდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის უსისხლოდ გამთლიანება.
ძალიან მიხარია რომ ამ ხეივანში სხვა გმირების სახელები არის და კიდევ შეემატება. ეს არის დიდი წამოწყება და მიხარია, რომ ეს წამოწყება დაიწყო ზუგდიდში, რომ ყველა გმირს მოუყარონ თავი ერთ ხეივანში" განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ ლიდერთან მედიას ბევრი კითხვა ჰქონდა, თუმცა ალასანიამ დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ჯერ არ ფიქრობს.