გორის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი წელია მიმდინარეობს და სამი წელია ადგილობრივები ,,ახალბაღით'' ვერ სარგებლობენ. რა სამუშაოებია ამ დრომდე იქ ჩატარებული ამ დასასვენებელ სივრცეში, ამის ადგილზე გადაღების საშუალება არ მისცეს ჩვენს გადამღებ ჯგუფს, თუმცა "მთავარი არხის" კორესპონდენტმა მაინც მოახერხა აღებეჭდა ადგილზე არსებული ვითარება.
გაირკვა, რომ პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ჯამში 9 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებს კი ,,ქართული ოცნების'' შემწირველი კომპანია ახორციელებს. ადგილობრივმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ისიც გაარკივეს რომ ,,ახალბაღიც" და გორში მტკვრის სანაპიროზე ბულვარიც კომპანია ,,გორი ინის", მფლობელის ინტერესებზეა მორგებული, რომელსაც ბიზნეს კავშირები აქვს რუსეთთან და ქართულ ოცნებასთან.
2008 წლიდან “ახალბაღს" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. გორის მთავარი პარკი ორი წლის წინ, ზაფხულში დაიხურა, თუმცა პირობა, რომ დასასვენებელი სივრცე, 2021 წლის 15 ივლისს ერთი წლით იკეტებოდა, რამდენჯერმე შეიცვალა – გახსნის თარიღმა ჯერ 2022 წლის ბოლომდე, შემდეგ კი გაურკვეველი ვადით გადაიწია.
რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს Award ასრულებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ჯამში 9 მილიონ ლარზე მეტია. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თორნიკე ჭკადუაა, რომლის ოჯახიც ქართული ოცნების შემწირველია.
ვადებთან ერთად, შეიცვალა “ახალბაღის” რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტიც. მას შემდეგ, რაც პარკის მიმდებარედ, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა, გორის მერიამ მტკვრის სანაპიროზე ბულვარის მოწყობა დაიწყო და დამატებით ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარს ხარჯავს.
მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან პარკ ახალბაღის ტერიტორიამდე, რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის მერიამ 3 651 650-ლარიანი ხელშეკრულება შპს “ირლანთან” გააფორმა. ადგილობრივი გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ "ახალბაღიც" და ბულვარიც სწორედ "გორი ინის", მფლობელის ინტერესებიდან გამომდინარე ეწყობა, საუბარია ვახტანგ კარიჭაშვილზე, რომელსაც სააგენტო "მოზაიკას" ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით , პირდაპირი ბიზნეს-კავშირები აქვს რუსეთთან, “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან.
პარკის რეაბილიტაციის მიზნით დაკეტვამდე ცოტა ხნით ადრე, მაშინ როდესაც ქვეყანაში კორონა პანდემია იყო და ახალბაღი დაწესებული შეზღუდვების გამო არც კი ფუნქციონირებდა, გორის მერიამ 2020 წლის 6 აპრილს პარკში დასამონტაჟებელი ატრაქციონების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა და ბიუჯეტიდან 800,000 ლარი დახარჯა. გორელმა ბავშვებმა ახალი ატრაქციონებით მხოლოდ ერთი დღით, 2020 წლის 22 ოქტომბერს, ატრაქციონების ფასადურად გახსნის დღეს ისარგებლეს.
შიდა ქართლის გუბერნატორს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მორიგ დაუსრულებელ პროექტზე საუბარი არ სურს. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კი, სამუშაოების გაჭიანურების მიზეზებს სტიქიურ მოვლენებს უკავშირებენ. ამბობენ, რომ "ახალბაღი" მალე გაიხსნება მაგრამ ზუსტ თარიღს, ვერ ასახელებენ. რა ბედი ელის ყოფილი მერის მიერ ნაყიდ ატრაქციონებს რომელიც მხოლოდ ერთი დღის გამო დამონტაჟდა და ახლა საწყობში ჟანგი ეკიდება, გორელ ჩინოვნიკებს კონკრეტული პასუხის გაცემა ამაზეც უჭირთ.
მას შემდეგ რაც ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ "მთავარი არხი" გორის კულტურისა და დასვენების პარკის გაჭიანურებულ რეაბილიტაციაზე სიუჟეტს ამზადებდა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო რომ გორს მალე სრულად განახლებული პარკი ექნება. განცხადებაში ისევ არაფერია ნათქვამი პარკის გახსნის თარიღზე, რომელსაც გორელები მესამე წელია უშედეგოდ ელოდებიან.