
საპატრიარქო 17 მაისს "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით წელსაც მსვლელობას მოაწყობს.
საპატრიარქოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსვლელობამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ქაშვეთის ტაძარში, 12:00 საათზე პარაკლისს აღასრულებს.
"პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2013 წელს, 17 მაისს მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილმა ჰომოფობიის საწინააღმდეგო ლგბტქ აქცია, ძალადობრივად ჩაშალეს. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და აქტივისტებს.
2021 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უპრეცედენტო ძალადობა უწოდა 17 მაისის აქციის დარბევას და საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აქტივისტების უსაფრთხოება და დანაშაულების სათანადო გამოძიება.