ოზურგეთის მერიამ "გურიის მოამბის" კუთვნილი ბანერები მოჭრა, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერი - მედიასაშუალება შურისძიებაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ბანერი, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერი რეკლამა იყო განთავსებული ოზურგეთის მერიამ უკანონოდ მოჭრა. ბანერი ადგილობრივ ონლაინ მედიასაშუალება "გურიის მოამბეს" ეკუთვნოდა. 

მედიასაშუალების ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ უკრაინის მხარდაჭერისთვის სჯის, რადგან მმართველი პარტიის ზეწოლა სხვადასხვა სახით 1 წლის წინ დაიწყო, როცა ონლაინ მედიამ რეგიონში უკრაინას ამ ჟესტით მხარდაჭერა გამოუცხადა.

ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება ამ მეთოდს მიმართავდა, "გურიის მოამბის" წარმომადგენლების თქმით, სახელისუფლებო მედია სხვადასხვა დროს გაკეთებული სიუჟეტებით მათ გაშავებას ცდილობდა, თითქოს შპს-ს ფინანსური დავალიანება ჰქონდა, რაც "გურიის მოამბის" მიერ წარდგენილი საგადახდო დოკუმენტებით გაბათილდა. 

თანამშრომლების თქმით, ამის შემდეგ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერიამ ბრალი დასდო 1 285 ლარის დავალიანებაში და საურავის სახით 5 ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა, დღეს დილით კი დამატებით 10 000 ლარი.

"მერიამ, უკანონო ბრძანებებით, უკანონო განკარგულებებით მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს აქვს დადგენილება ყველაფრის შეჩერებისა, მოიყვანა  სპეცსამსახური და სურს მოჭრა ამ ბანერის და გურიის მოამბის საკუთრებაში არსებული ყველა ბანერის, რომელიც "ღია საზოგადოება საქართველოს" ფონდის დაფინანსებით გაკეთდა. ეს არის არნახული უკანონობა, მაგრამ ყველაზე მეტად, ეს არის კრიტიკული მედია და იმის მრცხვენია, რომ ეს არის შურისძიება უკრაინის მხარდაჭერის გამო" - ამბობს "გურიის მოამბეს" ხელმძღვანელი, ლადო მენაბდე

მედიასაშუალების ადვოკატის თქმით მერიამ აშკარა უკანონობა ჩაიდინა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

ცნობისთვის, ბილბორდები "გურიის მოამბემ" ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" დაფინანსებით 2009 წელს დაამონტაჟა. რის შემდეგაც 20 წლიანი იჯარა გაფორმდა კომპანიასა და მერიას შორის. 

დღეს დილიდან კი ამ ბილბორდების მოულოდნელად ჩამოხსნა გადაწყვიტეს. ადგილზე გურიის მოამბის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებმა ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი