"საშა სევერი" თბილისში - კრიმინალებისთვის გახსნილი საზღვარი

გამოქვეყნდა:

ე.წ კანონიერი ქურდებისთვის გახსნილი საზღვრები. ქვეყანაში სადაც კრიმინალური სამყაროს წევრობა დასჯადია, ხელისუფლების ნულოვანი რეაგირების ფონზე  რუსეთის მოქალაქე საშა სევერი უპრობლემოდ გადაადგილდება. საპატრულო პოლიციამ თბილისში გააჩერა ავტომობილი სანომრე ნიშნებით "ვორ 333", დიდი ალბათობით მას თავად კრიმინალური ავტორიტეტი მართავდა, თუმცა სამართალდამცველებისთვის ეს ფაქტი არ აღმოჩნდა საკმარისი მის დასაკავებლად. უცნობია როგორ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი კრიმინალურმა ავტორიტეტმა და რა  მიზნით იმყოფება ის საქართველოში.

მშრალ ხიდზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ქალიც, რომელიც პატრულს ესაუბრება. გავარკვიეთ, რომ ეს, ადვოკატი ხათუნა ხურცილავაა. ხურცილავას ვკითხეთ, როგორ აღმოჩნდა მანქანასთან და რა კავშირი აქვს ავტომობილის მძღოლთან. ადვოკატი დაიბნა, თუმცა, არ დაუმალავს, რომ მანქანაში მჯდომს იცნობს. 

ხათუნა ხურცილავა ამტკიცებს, რომ ავტომობილში საქართველოს მოქალაქე, ბათუმელია, მეგრული გვარით,  მას  ეს ნომრები აჩუქეს და არანაირი კავშირი არ აქვს რუს კანონიერ ქურდთან. ხურცილავა ამბობს, რომ მისი კლიენტი საქართველოში მცირე ბიზნესით არის დაკავებული და ეკლესიაში ცხოვრობს. 

"მთავარ არხს" ანონიმური წყარო უყვება, რომ კანონიერი ქურდი საქართველოში აფხაზეთიდან შემოვიდა. ზუგდიდში მას ადვოკატი თამარ აბესაძე დახვდა, თბილისამდე ჩამოაცილა და ქალაქის ცენტრში დატოვა. საქართველოში ავტორიტეტი  ქართული პასპორტით სარგებლობდა.  თამარ აბესაძე მასთან რაიმე კავშირს უარყოფს.

 ვებგვერდზე სადაც კანონიერი ქურდების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი , ვკითხულობთ, რომ საშა სევერმა კანონიერი ქურდის სტატუსი ჯერ კიდევ 1993 წელს მიიღო. მისი ე.წ. "ნათლია" კი,  ორი ქართველი - ციციშვილი, იგივე ციცკა და ბუხნიკაშვილი , იგივე პეწო იყვნენ. 

მას 30 წლიანი  ქურდული "კარიერა" აქვს. კრიმინალურ სამყაროში კი, გათანაბრებული იყო ისეთ ავტორიტეტებთან როგორიც არის "დედ ხასანი" და "იაპონჩიკა".

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საშა სევერმა თბილისი დღეს დატოვა, თუმცა წყარო გვიდასტურებს, რომ ის უკან დაბრუნებას არ გამორიცხავს. ვინ იყო კანონიერი ქურდის თანმხლები და გამცილებელი, უცნობია. შსს დუმს. 

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი