
"უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე" - 15 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
მოქალაქეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ. აქციის ორგფანიზატორი მაისის სამოქალაქო მოძრაობაა.
"ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეგუოთ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას.
ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში. მაისის სამოქალაქო მოძრაობა მოგიწოდებთ ყველას, შევიკრიბოთ ხვალ, 15 მაისს 19:00-ზე პარლამენტის უკანა ეზოში და ერთად შევეწინააღმდეგოთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამის გადაწყვეტილებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა.
ამასთან, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსებს, რომ თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისგან.
რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები 2019 წელს, ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ აეკრძალათ. შესაბამისი დოკუმენტი სახელწოდებით "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ამავე წლის 8 ივლისს გამოიცა. დოკუმენტის თანახმად, აკრძალვის მიზანი იყო ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.