
პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობის ერთი წლისთავს ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს "ციხეში უსამართლოდ მყოფი ჟურნალისტი".
"დღეს ნიკა გვარამიას პატიმრობიდან ერთი წელი გავიდა. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენს თხოვნაში და მოვუწოდებთ მათ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ციხეში უსამართლოდ მყოფი ჟურნალისტი", - ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა - მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ადვოკატებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც შეიტანეს, თუმცა უზენაესში საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.
ნიკა გვარამიას პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციაში, ისე დასავლელი პარტნიორები. ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობას გვარამიას გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. გარდა ამისა, მათი ადრესატი არაერთხელ ყოფილა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა ამ დრომდე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას პატიმრობაზე განცხადება არ გაუკეთებია. დასავლეთში კი ხაზგასმით ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობას უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე.