განრიგი შეთანხმებულია. უახლოეს დღეებში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines მოსკოვი-თბილისის რეისის შესრულებას დაიწყებს. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის, ანალიტიკოსების უარყოფითი შეფასებისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, ხელისუფლება ამ საავიაციო პროექტზე უარს არ ამბობს.
"ქართულ ოცნებაში" მუდმივად იმას ამტკიცებენ, რომ ეს ეკონომიკისთვის მომგებიანი და რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა. თუმცა "ქართულ ოცნებაში" არავინ არაფერს ამბობს ამ გადაწყვეტილების მიღების რეალურ, პოლიტიკურ მიზეზებზე. საქართველოს ხელისუფლებაში არც იმის დანახვა უნდათ, რომ კრემლის ლიდერმა საქართველოში Azimuth Airlines-ის გამოგზავნით პოლიტიკური კურსიც შეგვისწორა და კიდევ უფრო მყარად მიგვაბა კრემლის ბორტზე.