თამარ ბაჩალიაშვილს წესს აუგებენ. დაპირება ამის შესახებ ოჯახმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დროს მიიღო. როგორც აუდიენციის დასრულების შემდეგ გარდაცვლილის დედამ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრას პატრიარქი არ დასწრებია. მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის სახელზე საპატრიარქოში პანაშვიდი გადაიხადეს.
„პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და იქვე გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ მკვლელებმა, იმათ რა ელით, თორემ ჩემი და თამუნას სული მშვიდად იქნება, წესიც აიგება და რაც საჭიროა, ყველაფერი ისე გაკეთდება. მოვუყევით როგორც იყო და მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა”- ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
ოჯახი ისევ ითხოვს გამოძიებაში FBI-ს ჩართვას. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თუ ამ მოთხოვნას საქართველოს პროკურატურა არ დაეთანხმება, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ გამოძიებას საქმის გახსნა "არ აწყობს"
გადაწყვეტილება წესის აგებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პრესსპიკერმა განმარტა. ანდრია ჯაღმაიძე ამბობს რომ მაშინ, როდესაც თვითმკვლელობის ფაქტი დადასტურებული არ არის, ეკლესია ოჯახისა და გარდაცვლილისთვის "ყველაზე უფრო სანუგეშო" გადაწყვეტილებას იღებს
ბაჩალიაშვილების ოჯახს საპატრიარქოში პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო შეხვდა.