ხომ შეიძლება მისაღებში გაუკეთო ბავშვს გადასხმა, თუ გულგრილი არ ხარ, დედას ჩააკვდა ხელებში - 4 წლის ბავშვის ოჯახი "გორმედზე"

გამოქვეყნდა:

რა გახდა  4 წლის ბავშვის სიკვდილის მიზეზი - გორში მცირეწლოვანი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსის გართულებებით დაიღუპა. 4 წლის  თომა წიქარიძეს ჩუტყვავილას სიმპტომები დაახლოებით 1 კვირის წინ განუვითარდა. ბავშვს მშობლები სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის რეკომენდაციების საფუძველზე მკურნალობდნენ. მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ბავშვი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

ოჯახი ამბობს, რომ ადგილობრივმა ექიმებმა მათ სათანადო დახმარება არ გაუწიეს, რის გამოც გადაწყვიტეს ბავშვი თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაეყვანათ. ბავშვს გზაში გული გაუჩერდა.

"როგორც ყოველთვის, გორმედში გულგრილად მიიღეს და წავედით თბილისში. ვერ ჩავუსწარით ბავშვს, დედას ჩააკვდა ხელებში. როცა მიხვალ და ერთი საათი სჭირდება იმას, რომ რეანომობილი მობილიზდეს, ან საერთოდ რამე გაკეთდეს. ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ვერ შევიყვანთ ოთახში, სად ოთახში ვერ შევიყვანთ, გადასხმას ბავშვს ვერ გავუკეთებთ, ხომ შეიძლება მისაღებში გაუკეთო ბავშვს გადასხმა, სადმე, თუ შენ გულგრილი არ ხარ", - ამბობს ოჯახის ნათესავი. 

"გორმედში" სატელევიზიო კომენტარი ამ საკითხზე ჯერ არ გაკეთებულა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მშობლებმა ბავშვი ამბულატორიული მომსახურების მიღების მიზნით მიიყვანეს, თუმცა მოგვიანებით თავად გადაწყვიტეს თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში წასვლა. 

ციციშვილის სახელობის კლინიკაში ამბობენ, რომ ბავშვი მათთან პრაქტიკულად გარდაცვლილი მიიყვანეს. 

"გამონაყარი იყო ჩუტყვავილასი, ანამნეზით ვიცით, რომ იყო ჩუტყვავილა, მე-7 დღე იყო ავადობის, ჩვენთან შემოვიდა გულის გაჩერებით, გაფართოებული გუგებით და სუნთქვის გაჩენებით, ამას ჰქვია უკვე კლინიკური სიკვდილი. გზაში, ტრანსპორტირებისას ცუდად იყო, მშობელს მოჰყავდა თვითდინებით. ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ უშედეგოდ. დღეს დილას გარდაიცვალა, დაახლოებით ერთი საათიც არ ყოფილა ჩვენთან, პრაქტიკულად გარდაცვლილი იყო", - ამბობს კლინიკის დირექტორი, მაია ჩხაიძე.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი