
საპროტესტო აქცია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში - მოსახლეობა თუშეთისკენ ვერტმფრენით სასწრაფო რეისის შესრულებას ითხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მაღალმთიან ზონაში ჩარჩენილ მესაქონლეებს ბარგითა და სურსათით მომარაგება სჭირდებათ, თუმცა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა რეისის შესრულებაზე უარი თქვა. აქციის მონაწილეების თქმით, ამ დრომდე უცნობია როდის გაიხსნება თუშეთისაკენ მიმავალი გზაც, ვინაიდან ტენდერში გამარჯვებულ ახალ კომპანიას სამუშაოების შესრულების საშუალება არ აქვს.
ალვანელებს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. მისი თქმით, პრობლემას მთაში არსებული უამინდობა ქმნის. თუმცა, ვერტმფრენი არ შეჩერებულა და დამატებით სამ რეისს კიდევ შეასრულებს. ალექსი ფიცხელაური ამბობს, რომ გზის გახსნაზე შესაბამისი კომპანია აქტიურად მუშაობს.
ავტორი: ია გულიაშვილი