
რუსეთიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გასაპროტესტებლად ჩანიშნულ აქციასთან დაკავშირებით, მოძრაობა "სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას დღეს, 20 საათზე, პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებს:
"ამ დღეს, 7 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ხიდთან გიგა ოთხოზორია მოკლეს. დღეს, 19 მაისს თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დაჯდა. დღეიდან საქართველოში რეისებს განახორციელებენ რუსული ავიაკომპანიები, რომლებიც სანქცირებული არიან უკრაინისა და აშშ-ს მიერ.
რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინისა და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ჩვენი მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას. ამის ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება რუსულ თვითმფრინავებს საქართველოს ცას უხსნის და მათ ტაშით ეგებება.
საქართველოს მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის არარსებობა, ფრენების დანიშვნა, ეკონომიკური თანამშრომლობა, სანქციების უგულებელყოფა - საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ მიზანს, ევროინტეგრაციას.
საქართველოს მთავრობა ვალდებულია დააწესოს შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობა ვალდებულია აკრძალოს რუსული თვითმფრინავების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეუერთდეს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ამიტომ ახლა, ისევ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწევს ჩვენი მტკიცე პოზიციის დაფიქსირება და ევროპული მომავლის დაცვა.
გელოდებით დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ." აცხადებს სირცხვილია.
აქცია რუსთაველის გამზირზე 20 საათზეა.