
"სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას" ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს" - ამის შესახებ განცხადებას სასტუმრო "ყვარლის ტბის" შემდეგ თავად სასტუმრო "ახაშენი" ავრცელებს.
ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას.
ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია.
სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას" ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს, - წერს სასტუმრო.
ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" დღეს გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში არიან, მათ შორისაა ლავროვის შვილი, ეკატერინე ლავროვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება.
"მთავარი არხის" ინფორმაციითვე, საქართველოში ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. მან ქორწილის გადახდა "ყვარელი რეზორტში" გადაწყვიტა, რის გამოც, 2 დღეა, სასტუმროში რუსების წვეულებისთვის ემზადებიან და ქართველებისთვის დაკეტილია. ასევე, ცნობილია, რომ სტუმრების ნაწილი ღამეს სასტუმრო "ახაშენში" გაათევს.
"მთავარის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ქორწილი ორდღიანია და წვეულების პირველი დღე სასტუმროში უკვე მიმდინარეობს. ასევე, ცნობილია, რომ ლავროვის ოჯახის წევრებმა ხელი დღეს თბილისში მოაწერეს.