ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები სამოქალაქო აქტივისტებს აკავებენ, ფიზიკურად უსწორდებიან, ჟურნალისტებს კი მობილურ ტელეფონებს ართმევენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.
დაკავებულებთან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, დაკავებულია 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის არიან, ნიკა ნარსია, ლაშა ხუსკივაძე და შუშანა მაცაბერიძე.
ასევე, არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი, საგარეჯოს საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან დავით დიღმელაშვილი. გურჯაანის საკრებულოს წევრი ენმ-დან რამაზ ქერეჭაშვილი, ყვარლის საკრებულოს წევრი ენმ- დან ნიკა ღონიაშვილი.
ენმ - ს ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე.
დაპირისპირებისას ადგილზე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი.
ყვარელში, სასტუმრო "ყვარელი რიზორტში" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილია დაგეგმილი. ცნობილია, რომ სტუმრების სიაში არიან ლავროვის ოჯახის წევრები, მათ შორის სანქცირებული სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინე ლავროვაც. დღეს დილიდან სასტუმროსთან პროტესტის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.